ძვირფასო შონიებო,
უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ჩვენი საგვარეულოს კურთხევის მე-12 წლისთავს! 9 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. შევიკრიბეთ წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში, მადლიერების გრძნობის გამოსახატად. რათა უფალს მადლობა შევწიროთ, პატივი მივაგოთ ჩვენს წინაპრებს და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთიანობა.
ჩვენი გვარის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ჩვენი წინაპრები ღირსეულად ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ, სამშობლოს ერთგულად და სახელოვნად ემსახურებოდნენ და მომავალ თაობებს ნათელი კვალი დაუტოვეს. მათი სახელები ჩვენი სიამაყეა, მათი ღვაწლი ჩვენი მემკვიდრეობა, ხოლო მათი ხსოვნა ჩვენი პასუხისმგებლობა. ისინი დღესაც ცოცხლობენ თითოეულ ჩვენგანში, ჩვენს ხასიათში, ღირებულებებსა და იმ საქმეებში, რომლებსაც ვაგრძელებთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, ხოლო მათ სახელებს მარადიული ხსოვნა და უკვდავება!
მინდა გავიხსენოთ ჩვენი საგვარეულო მოძრაობის სათავეები, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში, აფხაზეთში, გალში გამართული პირველი საგვარეულო ყრილობიდან იწყება. აფხაზეთის ტრაგედიამ მძიმე კვალი დატოვა ჩვენზე, დაგვშორა და კავშირები დაასუსტა. თუმცა, გვარის წარმომადგენლებმა არ დაუშვეს ამ კავშირის გაქრობა. თბილისში დევნილობაში მყოფმა გვარიშვილებმა ითავეს საგვარეულო კავშირის აღდგენა — პროფესორ ოთარ შონიასა და დეკანოზ ზაქარიას თაოსნობით, მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით. დღეს ყველას თვალწინ გვაქვს შედეგი: საგვარეულო ხატი, რომელიც დაბრძანებულია ქვემო ფონიჭალაში, წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში, სადაც ყოველი თვის ბოლო კვირას მამა ზაქარია იხდის საგვარეულო პარაკლისს, ლოცულობს ჩვენთვის და მოიხსენიებს გარდაცვლილებს, გვაქვს ჩვენი დროშა, გერბი.
არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმით კმაყოფილნი, რაც უკვე გაკეთებულია. ერთიანობა ურთიერთპატივისცემა, თანადგომა და საერთო ზრუნვაა. ჩვენი ვალია, ახალგაზრდები უფრო აქტიურად ჩვართოთ საგვარეულო ცხოვრებაში, გავაცნოთ წინაპართა ისტორია და ვასწავლოთ, რომ გვარის ღირსება აწმყოში დასამტკიცებელი პასუხისმგებლობაა.
ქალბატონი ნანული შონია იხსენებს: "მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა ხოლმე: შვილო, გზაზე უბრალო ქვა რომ ნახო, რომელსაც შონია აწერია, ისე არ ჩაუარო, რომ არ მოეფეროო! აი, იმდენად უყვარდა მამაჩემს თავისი გვარი და თავისი გვარისშვილები! ამ სიტყვებში რამდენი სიყვარული, სიამაყე და ერთგულებაა ჩადებული."
ნუ დავკარგავთ ერთმანეთს! გავუფრთხილდეთ ჩვენს ფესვებს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და მომავალ თაობებს კიდევ უფრო გამტკიცებული ერთობა გადავცეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს! უფალმა დალოცოს ჩვენი საგვარეულო, ჩვენი ფანიები, შვილები და მომავალი თაობები. გვქონდეს მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიყვარული.
ღმერთმა გააძლიეროს და გაამრავლოს შონიების საგვარეულო !
ჩვენს წინაპრებს — მარადიული ხსოვნა და უკვდავება !
ჩვენს აწმყოს — ერთობა და სიყვარული !
ჩვენს მომავალს — ღირსება და ნათელი გზა !
ძლიერი გვარი - ძლიერი სამშობლო !


.png)
.jpg)