გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების საგვარეულო კავშირის პროგრამა


      შონიების საგვარეულო კავშირი შეიქმნა 1990 წლის 15 სექტემბერს ქ. გალში გამართულ ყრილობაზე, რომელზეც მიღებულ იქნა კავშირის პროგრამა და წესდება. არსებული კანონმდებლობის საფუძველზე კავშირის წესდება რეგისტრაციაში იქნა გატარებული სახალხო დეპუტატთა გალის რაიონული საბჭოს აღმასკომის მიერ 1990 წლის 26 სექტემბერს.
  კავშირის შექმნის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ, შემდეგ მომხდარმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევამ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა გარდაქმნებმა დღის წესრიგში დააყენა არსებითი ცვლილებების შეტანა შონიების საგვარეულო კავშირის პროგრამასა და წესდებაში. 
    შონიების საგვარეულო კავშირის მიზანია შონიების გვარის წარმომადგენლებისა და მათი ნათესავების ურთიერთკავშირის განმტკიცება, მთელი საგვარეულოს კონსოლიდაცია ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებისათვის, პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვისათვის. კავშირის ამოცანაა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოების წევრთა აქტიური ჩართვა სულიერი და მატერიალური ცხოვრების ყველა სფეროში, შონიების თითოეული ოჯახისა და მათი ნათესავების ფართო ინტეგრაცია და კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, განათლებისა და კულტურის დაწესებულებებთან მომავალი თაობის პატრიოტული და ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდის მიზნით. საგვარეულო კავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანად ისახავს ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა ტრადიციული ურთიერთობის აღდგენისათვის ხელშეწყობას, საგვარეულოს აფხაზ წარმომადგენელთა აქტიურ ჩართვას საზოგადოების საქმიანობაში, ნათესაური კავშირების განმტკიცებასა და განვითარებას, მხარს დაუჭერს და აქტიურად ჩაებმება იმ ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას; ამავე მიზნით კავშირი აქტიურად ითანამშრომლებს უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრებ თანამოგვარეებთან და სხვა თანამემამულეებთან და გამოთქვამს მტკიცე მზადყოფნას სამშობლოს წინააღმღდეგ განხორციელებული ნებისმიერი შეიარაღებული აგრესიის აღკვეთაში საკუთარი წვლილის შესატანად. 2 საგვარეულო კავშირი მიზნად ისახავს შონიებისა და მათი ნათესავების თვითრეალიზაციას ქვეყნის დემოგრაფიულ, კულტურულ და ეკონომიკურ აღორძინებაში. კავშირის მიზანია სამშობლოსა და ხალხის წინაშე შონიების დამსახურებათა წარმოჩენა და პროპაგანდა, შონიების საგვარეულო ღვაწლის შესწავლა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა მეცნიერების, კულტურის, მწერლობისა და ხელოვნების, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, სპორტის, სამხედრო საქმისა და სხვა სფეროებში. კავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შონიების გვარში ზნეობრიობისა და კანონისადმი პატივისცემის შეგნების ამაღლება და განმტკიცება, გვარში ქართული ტრადიციული წესრიგისა და ჯანსაღი წეს-ჩვეულებების დანერგვა და განვითარება, არსებული ცხოვრებისეული ხარვეზების გამოვლენა და ჯეროვანი შეფასება, შეურიგებლობა ნებისმიერი ანტისაზოგადოებრივი ქმედების მიმართ. კავშირი შექმნის საქველმოქმედო ფონდს და დაეხმარება შონიების მრავალშვილიან, ხელმოკლე თუ მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, უზრუნველყოფს კავშირის წევრთა სამართლებრივ დაცვას, ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ჰუმანისტური იდეალების პროპაგანდას. საგვარეულო კავშირი ხელს შეუწყობს გვარის, მისი განშტოებების ისტორიისა და გენეალოგიის შესწავლას, შეკრებს და გამოაქვეყნებს გვარის ღირსეული წარმომადგენლების, სახელოვანი წინაპრების ბიოგრაფიებს, მოაწყობს იუბილეებს, ხსოვნის საღამოებს, გამოაქვეყნებს მასალებს გვარის ისტორიის შესახებ, აგრეთვე მოაწყობს შეხვედრებს თანამედროვე სახელოვან შონიებთან. მათი სახელები შეტანილი იქნება საგვარეულო საზოგადოების საპატიო წიგნში. 

დამტკიცებულია დამფუძნებელთა კრების მიერ 2012 წლის 23 თებერვალს