გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების საგვარეულო

 

გვარის ინსტიტუტი მსოფლიოში შედარებით ახალია. საუბარია საყოველთაო და მუდმივ გვარებზე.გვარი სავალდებულო გახდა ცენტრალურ ევროპაში 1903-05 წლებში, რუსეთში 1914-16 წლებში, ხოლო მუსულმანურ ქვეყნებში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან. მართალია საქართველოში გვარის დაკანონების ეპოქადაა დადგენილი XVI-XVII საუკუნეები, მაგრამ ეგრისის სამეფოში გვარის ისტორია იწყება ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან, ისევე, როგორც ბასკეთში.

მეგრულ გვარებში შონია ერთ-ერთი უძველესი გვარია.
გვარ შონიას წარმოშობაზე არსებობს შემდეგი მოსაზრება - „შონი“ ქვია მეგრულად სვანს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შენიების გვარს სათავე დაუდეს სამეგრელოში მაცხოვრებელმა სვანებმა, რომლებსაც გვარად დაუდგინდათ შონია.
ბუნებრივია, ამაში მოულოდნელი არაფერია, მაგრამ ჩემთვის ცნობილია ბაბუაჩემის, ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, კოსტა შონიას მოსაზრება - ის ამბობდა, თითქოს შონიების ძირი ეგვიპტედანაა და თურმე იმოწმებდა ჰეროდოტეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ კოლხები ეგვიპტედან არიან. სხვათაშორის ცნობილია ქართველი მეცნიერის ვლადიმერ ალფენაძის ნაწარმოები „სფინქსის ღიმილი“, სადაც ის წერს, რომ ეგვიპტის ერთ-ერთი ღმერთია „შონი“ (ძვ.წ. XXV-XX სს) და ვარაუდობდა, რომ გვარია „შონია“ სწორედ მისგან მოდიოდა.
ყოველივე ეს რამდენად სწორია სხვა საკითხია, მაგრამ დიდად სასიამოვნოა.
ყოველ შემთხვევაში, „შონია“ ერთ-ერთი უძველესი და დიდი გვარია ქართულ სინამდვილეში. წიგნის „გვარ-სახელები საქართველოში“ (ა.სილაგაძე, ა.თოთაძე) მიხედვით, 1000 ქართულ გვარში „შონია“ 27-ე ადგილზეა და დაახლოებით 8000-მდე შონიაა. სამწუხაროდ მასში ვერ მოხვდნენ აფხაზეთში მცხოვრები შონიები, მაშინ, როდესაც „შონია“ ყველაზე დიდი გვარი იყო აფხაზეთში. სათანადოდ, თუ ამას გავითვალისწინებთ, შონიების რაოდენობა 10-11 ათასამდე იქნება.
მართლაც, შონიები სამეგრელოს და აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონსა თუ ქალაქში ცხოვრობენ.
შონიების ძირი სოფელია ფახულანი, რომელიც მდებარეობს სამეგრელოს, სამურზაყანოსა და სვანეთის საზღვარზე.
შონიები ძირითადად თავისუფალი გლეხები არიან, მაგრამ გარკვეული შტოს წარმომადგენლები აზნაურები არიან.
სწორედ ამ შტოს წინაპარი, დიდი პიროვნება „ღეჯია“ შონია ცხოვრობდა ფახულანში, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.
„ღეჯია“ ზედმეტი სახელია, სინამდვილეში მას გიორგი ერქვა - თურმე მის მშობლებს რაც შვილი შეეძინათ, ყველა რაღაც ჭირს მოუკლავს. თურმე ეს ჭირი ღორს არ ემართებოდა და მათთვის ურჩევიათ შვილისთვის სახელად „ღეჯია“ დაერქმიათ. ბავშვი მართლაც გადარჩენილა. მართალია, მას ნათლობის სახელად გიორგი ერქვა, მაგრამ ხალხი ძირითადად „ღეჯიად“
იცნობდა. სწორედ „ღეჯია“ ყველაზე ცნობილი პიროვნებაა შონიებში, რაც განაპირობა შემდეგმა მოვლენამ - მართალია, სამეგრელოს სამთავრო უკვე რუსეთს ეკუთვნოდა, მაგრამ სამთავროს მთავარი ჰყავდა, დავით დადიანი.
XIX საუკუნის 40-იან წლებში დავით დადიანი გარდაიცვალა და ის შეცვალა მისმა მეუღლემ დედოფალმა ეკატერინემ. ბუნებრივია, ეს თურქეთმა გაიგო და გადაწყვიტა საქართველოს შემოსეოდა.
მართალია, მას არავითარი შანსი არ ჰქონდა სამეგრელო მიეერთებინა, მაგრამ მისი გაძარცვა-განადგურება დაისახა მიზნად, მით უმეტეს, მთავარი მკვდარი იყო და ვარაუდობდა, რომ ამას იოლად შეძლებდა.
ისტორიიდან ცნობილია თუ როგორ გმირულად მოიქცა ეკატერინე დადიანი - მან არ დაუცადა რუსების დახმარებას და დიდი წინააღმდეგობა გაუწია თურქებს, ფაქტობრივად დაამარცხა ისინი.
სწორედ ამ ბრძოლაში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა „ღეჯია“ შონიამ. მან თურმე თავი მოუყარა 600-მდე შონიას, ჩაერთო ბრძოლაში და ეკატერინე დადიანის ძირითადი დამრტყმელი ძალა გახდა, რამაც ფაქტობრივად განაპირობა მეგრელების გამარჯვება.
დედოფალმა ეკატერინე დადიანმა ღირსეულად დაუფასა მას დამსახურება - ტახტისაზნაურობა უბოძა და ფახულანი და მისი მიმდებარე სოფლები უბოძა.
სწორედ მისი შთამომავალი შონიები აზნაურები არიან.
მისი შთამომავლებიდან განსაკუთრებით ცნობილები არიან მისი შვილიშვილები, კოსტა და თიგურა(ვასილი), რომლებიც მის სახლში ცხოვრობდნენ. მათ დაამთავრეს ქუთაისის გიმნაზია, რის შემდეგაც თიგურამ სწავლა მიატოვა, ხოლო კოსტამ თბილისის სემინარია დაამთავრა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე გახდა. თიგურა ულამაზესი ვაჟკაცი დადგა, მეუღლედ თავადისშვილი, ანჯაფარიძე ითხოვა.
როგორ ყვებიან, სამეგრელოში თიგურას დამთრობი არავინ იყო, თანაც იყო ცნობილი თამადა. სხვა თუ არაფერი, დადიანების ქორწილებში ძირითადად თიგურა იყო თამადად.
ასე რომ, თიგურა სამეგრელოში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. მას ჰყავდა 6 შვილი, 2 ვაჟი და 4 ქალიშვილი. კოსტას შვილი არ ჰყოლია და თიგურას ერთი ვაჟი, მამაჩემი აუყვანია შვილად.
კოსტა შონიამ დაამთავრა თბილისის სემინარია, წავიდა პეტერბურგში და უნივერსიტეტში მოეწყო. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, II კურსიდან წამოსულა სამეგრელოში და მღვდელი გამხდარა.
კოსტა ეროვნული მოღვაწე იყო. ცდილობდა თურმე ფახულანი და მიმდებარე სოფლები, რომლებიც მდინარე ენგურს გაღმა იყო, გალის რაიონის შემადგენლობაში შეეყვანა, ვინაიდან ეს უფრო აწყობა ხალხს, მაგრამ როდესაც გაუგია, რომ სამურზაყანო აფხაზეთის შემადგენლობაში შეჰყავდათ, კატეგორიული უარი უთქვამს.
სხვათაშორის კოსტას აზრი ყოფილა, თუ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკა გახდებოდა, აფხაზი ქართველად დაწერილიყო.
სწორედ ამ მიზნით, 1925 წელს ის და ილორის წინამძღვარი ჩასულან საქართველოს პატრიაქთან, ამბროსი ხელაიასთან, რომელიც კოსტას სემინარული მეგობარი იყო. მასაც მოსწონებია ეს აზრი. პატრიარქს უთხოვია ბუდუ მდივნისთვის, როგორც ეროვნულად მოაზროვნე კომუნისტისათვის, ერთად მისულიყვნენ ორჯონიკიძესთან და ეთხოვათ საკითის დადებითად გადაწყვეტა.
მართლაც, პატრიარქი და ბუდუ მდივანი მისულან ორჯონიკიძესთან და უთხოვიათ ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ მას კატეგორიული უარი უთქვამს, პირიქით, საკითხის ასე გადაწყვეტა სახელმწიფო ღალატის რანგში აუყვანია.
დაბრუნდნენ თუ არა კოსტა და ილორის წინამძღვარი ზუგდიდში, ორივე დაუპატიმრებიათ. მეორე დღეს ზუგდიდში ჩასულა ლავრენტი ბერია, რომელიც მაშინ შინსახკომის მინისტრის მოადგილე ყოფილა.
მას დაუთვალიერებია ციხე, გაცნობია დაკავებულთა სიას და როდესაც უნახავს დაკავებულთა შორის კოსტა შონია, უკითხავს თუ რატომ დაიჭირეს ის. თურმე ბავშვობიდან იცნობდა მღვდელ კოსტას. როდესაც უთხრეს თუ რატომ დააკავეს მღვდლები, გაბრაზებულა - როგორ, საკითხი სწორედ დაუყენებიათ და ამიტომ დაიჭირეთო ?
ლავრენტი ბერია შეხვედრია ორივეს, ბოდიში მოუხდია და ორივე გაუთავისუფლებია.
სხვათაშორის ლავრენტი ბერია ბევრი ეცადა მაგრამ ვერ შეძლო აფხაზები ქართველებად დაეწერათ.
ამის შემდეგ კოსტა შონიას ვინ გაუბედავდა აეკრძალათ მისთვის საეკლესიო მოღვაწეობა. მან ამის შემდეგ თითქმის 20 წელი იცოცხლა და ემხსახურა თავის ხალხს.
სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია სხვა რეგიონების შონიების ღირსეული წინაპრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათშიც ბევრი სასახელო პიროვნება იქნება.
ყოველ შემთხვევაში, შონია ერთ-ერთი დიდი გვარია არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში, რომელიც ღირსეულად ემსახურება სამშობლოს და შონიებში მოღალატე არ გარეულა.

ეს სიტყვა წარმოთქვა ფაზისის აკადემიის ნამდვილმა წევრმა, აწ განსვენებულმა ბატონ ანზორ შონიამ შონიების საგვარეულოს შეკრებაზე, 2012 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს.