შონიების საგვარეულო ხატია ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წმ. გიორგის ხატი. ეს არის XVI საუკუნეში (1572-1582) დაწერილი ხატი, თანაც მთელ საქართველოში ერთადერთი ხატი, რომელზეც წმ. გიორგი გამოსახულია არა თეთრ ცხენზე ამხედრებული, არამედ ფეხზე მდგარი.
ამ ხატის არჩევის მიზეზია ის, რომ ფახულანის საგვარეულო ეკლესიის შემდეგ შონიების საგვარეულოს მთავარი სალოცავი, მთელი დასავლეთ საქართველოს მსგავსად, იყო ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, თანაც, ამ ეკლესიის მოძღვართა შორის, გადმოცემის მიხედვით, იყვნენ შონიების გვარის წარმომადგენლები.
ხატის ქვედა კუთხეში არის წარწერა: „ხატი ესე დაიწერა სადიდებლად ღვთისა! წმინდაო გიორგი! დალოცე და დაიფარე შონიების საგვარეულო, ჩვენი ფუძე, მომავალი და სრულიად სამშობლო ჩვენი!“
ხატის დამწერია გიორგი ჯორჯიკია, რომელიც თხუთმეტ წელს მოღვაწეობდა საბერძნეთში და იყო ხატწერის ერთ-ერთი უბადლო ოსტატი. გარდა ამისა, ჯორჯიკიების, დემურიების და შონიების გვართა წარმომადგენლები, ძველი გადმოცემის მიხედვით, წარმოადგენენ ჩარკვიანების საგვარეულოს სამ შტოს. შონიებმაც, ჯორჯიკიებმაც და დემურიებმაც იციან, რომ ისინი ერთი წინაპრიდან მოდიან.
შონიების საგვარეულოს ილორის წმინდა გიორგის ხატში ჩატანებულია უწმინდესი საეკლესიო რელიკვია, წმინდა ნაწილები, რომლებიც ხატს შესწირა როლანდ შონიამ. წმინდა ნაწილების გადმოსაცემად მასთან ქ. აბაშაში ჩავიდნენ შონიების საგვარეულო კავშირის აღორძინების სულისჩამდგმელი ოთარ შონია, შონიების საგვარეულოს ღირსეული წარმომადგენლები მამა ზაქარია და მამუკა შონიები.
შონიების საგვარეულო ხატში - ილორის წმინდა გიორგის ხატში ჩატანებულია შემდეგი წმინდა ნაწილები:
1. წმინდა მღვდელმოწამე გალაქტიონის ხორცი და ძვალი;
2. წმ. ბარბარეს სარტყელის ნაწილი;
3. წმ. ალექსი შუშანიას ოლარის ნაწილი;
4. წმ. დიონისე არეოპაგელის საფლავის მიწა;
5. მირონში დასველებული წმ. ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი ხატის ნაწილი (ქ. ბარიდან);
6. თაბორის მთის ქვები;
7. გედსემანიის ბაღის მიწა;
8. განცდის ქვა, სადაც 40 დღე მაცხოვარმა იმარხულა;
9. სერაფიმე საროველის მონასტრის მიწა;
10. მაცხოვრის საფლავის მიწა.
წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატი
შონიების საგვარეულო კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შესწირა წმ. ანდრია პირველოწოდებულის სახელობის ხატი. ეკლესიისათვის მისი გადაცემა მოხდა საგვარეულო კავშირის სამების ტაძარში კურთხევის დროს. ხატზე გამოსახულ წმ. ანდრია პირველწოდებულს ხელთ უჭირავს აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ცნობილია, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღვთისმშობლის ეკლესია აიგო აწყურში.
ხატის ავტორია ხატმწერი გიორგი ჯორჯიკია.
შონიების საგვარეულო კავშირის კურთხევამდე ილორის წმინდა გიორგისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები ღვთის მადლით იმოსებოდა თბილისის კლდეუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც მამა ზაქარია (შონია) მსახურობდა.