გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

გვარის ისტორია

გვარის და საგვარეულო კავშირის ისტორია

https://irshonia.wixsite.com/shonia1/---
სამეგრელოს მთავარმა მე-16 საუკუნეში ჩვენი გვარის სამი კომლი შესწირა ბიჭვინთის საკათედრო ტაძარს იმისათვის, რომ მათ რიგრიგობით უნდა დაენთოთ ამ ტაძარში სანთლები, ისე რომ სანთლები უწყვეტად დანთებულიყო. სწორედ ჯორჯიკიების, დემურიების და შონიების გვართა წარმომადგენლები, ძველი გადმოცემის მიხედვით, წარმოადგენენ ჩარკვიანების საგვარეულოს იმ სამ შტოს. შონიებმაც, ჯორჯიკიებმაც და დემურიებმაც იციან, რომ ისინი ერთი წინაპრიდან მოდიან.

აგრეთვე ცნობილია, რომ ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანული ჯვარი ჯერ კიდევ I საუკუნეში აღმართა სამეგრელოში იმ ადგილას, საიდანაც გავრცელდა შონიების მთელი საგვარეულო და რომელსაც დღეს ჯვარი ეწოდება (წალენჯიხის რაიონის ქალაქი ჯვარი).

რაც შეეხება დღევანდელობას, იდეა შონიების საგვარეულო საზოგადოების შექმნისა წარმოიშვა 1989 წლის ბოლოს და მისი ავტორები არიან იმ დროს პარტიის გალის რაიკომის თანამშრომელი, აწ განსვენებული ვახტანგ შონია (იასონის ძე) და რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი ჯემალ შონია. ამ იდეის განხორციელებაში თავდაპირველად ჩაერთვნენ გალის რაიონის საწარმოთა ხელმძღვანელები ზამირა შონია, ტარიელ შონია, ემირ შონია, გალის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე რაბო შონია, ისტორიკოსი, გალის რაიონული მუზეუმის დამაარსებელი ნოდარ შონია; შემდეგში საინიციატივო ჯგუფს შეუერთდნენ გალის რაიონსა და სხვა რაიონებში, ქ. თბილისში მცხოვრები შონიები; მოეწყო რეგულარული შეხვედრები საგვარეულო საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობის მოსამზადებლად, რაიონულ პრესაში გამოქვეყნდა შონიების საზოგადოების შექმნის მიზნები და ამოცანები; გაწეული იქნა დიდი სამუშაო შონიების გვარის წარმომადგენელთა მოსაძიებლად და გვარის რაოდენობის დასადგენად როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

შონიების საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 1990 წლის 15 სექტემბერს ქ. გალში, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე. ყრილობას ესწრებოდა შონიების საგვარეულოს ოთხი ათასამდე წარმომადგენელი.

ყრილობა გახსნა გვარის უხუცესმა წარმომადგენელმა დავით შონიამ, რომელიც ეტლით შემობრძანდა სტადიონზე.

ყრილობის მიზნებსა და ამოცანებზე, აგრეთვე შონიების გვარის ისტორიაზე მოხსენებით გამოვიდა ჯემალ შონია, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ შონიების გვარის წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზი შონიები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ყრილობის სრული ანგარიში გამოქვეყნდა გაზ. „ლენინელში“ ხათუნა შონიას წერილში „შეიქმნა შონიების საგვარეულო საზოგადოება“).

აღსანიშნავია, რომ შონიების საგვარეულო საზოგადოების შექმნას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც გალის რაიონიდან დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას „მრგვალი მაგიდის“ სხდომაზე განაცხადა: „მიბაძეთ შონიებს, რომლებმაც შექმნეს საგვარეულო საზოგადოება. ასეთი კავშირების შექმნა დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და კონსოლიდაციას“.

ყრილობაზე არჩეულ იქნა საგვარეულო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო-გამგეობა. შონიების საგვარეულო საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულ იქნა ტარიელ შონია, დამტკიცდა საზოგადოების წესდება და პროგრამა.

საქართველოში კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივმა შეცვლამ და აფხაზეთის ტრაგედიამ ფაქტობრივად შეაჩერა საზოგადოების საქმიანობა. საგვარეულო კავშირის აღდგენისათვის ინტენსიური მუშაობა დაიწყო ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან, რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ შონია. ფაქტობრივად, იგი არის შონიების აღორძინებული საგვარეულო კავშირის სულისჩამდგმელი და გვარის კურთხევასა და საგვარეულოს ყრილობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული სამუშაოს წარმმართველი.

შონიების საგვარეულო კავშირი იურიდიულად დარეგისტრირდა 2012 წლის 23 თებერვალს, შემუშავდა ახალი წესდება და პროგრამა. კავშირს გააჩნია ბეჭედი და გახსნილი აქვს ანგარიში ბანკში.

შეიქმნა კავშირის სიმბოლოები: გერბი, დროშა, ჰიმნი. მათი დამტკიცება, აგრეთვე საგვარეულო კავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება კავშირის მომავალ ყრილობაზე.