ისტორია დაუნდობლად გულგრილია ფაქტებისა და მოვლენების თანმხლები ემოციებისადმი, უცხოა მისთვის წვრილმანებიც... ამის გამო დიდი, დიადი და გრანდიოზულიც კი მის ანალებში რამდენიმე სტრიქონში მოექცევა ხოლმე ფაქტადქცეული მოვლენის შესახებ ინფორმაციის სახით.
საუკუნეც კი არ გასულა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და ისტორიის ანალებს კინემატოგრაფმა თუ ამოარიდა ამ ომის ადამიანური დრამები, ტრაგედიები, მოთქმანი და გოდებანი, სისხლისღვრათა და ხოცვა-ჟლეტათა საშინელებანი... მიწას მიბარებული ათეულობით მილიონების გულისცემანი, ოცნებანი, ლტოლვა-მისწრაფებანი....
კონკრეტული ინფორმაციის შემცველ სტრიქონებად დაიწრიტა მეორე მსოფლიო ომის ერთი დიდი სახელის მელიტონ ქანთარიას ამბავი, თავის დროზე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რომ მოექცა და უამრავი ადამიანის შურიან აღტაცებას რომ იწვევდა. სულ რაღაც 70 წელი აღმოჩნდა საკმარისი, რომ პოპულარულ, სახალხოს სტატუსის ენციკლოპედიაში - ვიკიპედიაში ანონიმ ავტორს გულგრილ, იჭვებიან სტრიქონებში მოექცია ეს ამბავი:
„მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია (დაიბადა 1920 წლის 5 ოქტომბერს, ჯვარში – გარდაიცვალა 1993 წლის 26 დეკემბერს მოსკოვში) – საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი, 1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე“. ისტორიული გულცივობისა და რაღაცნაირი ეჭვიანობის სუსხს ვიკიპედიის ამ ინფორმაციაში, ვითომდა „გულმოდგინე“ ობიექტურობისათვის ჩართული სინტაგმა „ოფიციალური ცნობებით“ ცხადყოფს. დიახ, ასე განათავსა ისტორიამ თავის ანალებში ერთი გულანთებული მეგრელი კაცის პატრიოტული გზნება და სამშობლოს სამსხვერპლოზე მიტანილი სიცოცხლის ამბავი. არა და რამდენ ფიქრსა და ცდას შეიცავს ეს სიცოცხლე... ამ სიცოცხლის ფაქტობრივ/მოვლენური ქრონოლოგია გვამცნობს:
მ. ქანთარია დაიბადა 1920 წლის 5 ოქტომბერს, სამეგრელოში, ზუგდიდი რაიონის სოფელ ჯვარში. იქვე მიიღო განათლება და მუშაობდა კოლმეურნეობაში. მელიტონის მამა ვარლამ ქანთარია (1890-1963) სოფელ ჯვარის მკვიდრი, კოლმეურნე იყო. დედა – ლიდია შონია-ქანთარია (1896-1985) სოფელ ფახულანიდან იყო ჯვარში გათხოვილი;
1940 წელს გაიწვიეს არმიაში. ერთი წელიწადიც კი არ იყო გასული, რომ მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში მოექცა; იბრძოდა მესამე არმიის 150-ე დივიზიის 756-ე ბატალიონში, ჯერ კავკასიაში, შემდეგ სმოლენსკის გათავისუფლების საომარი ოპერაციებში მონაწილეობდა. იგი რამდენიმეჯერ დაიჭრა;
იბრძოდა პოლონეთში, მდინარეების ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს გადალახვის ოპერაციებში; იბრძოდა ბელორუსიის, ლატვიის განთავისუფლებისათვის, იყო იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე დივიზიის 776-ე პოლკის მზვერავი;
1945 წლის აპრილში იბრძოდა ბერლინში;
1945 წლის 30 აპრილს 21 საათსა და 50 წუთზე სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად გერმანიის რაიხსტაგის გუმბათზე გამარჯვების დროშა ააფრიალა. ამ დიად ფაქტს ოდნავადაც ვერ უფერმკრთალებს ელვარებას ხელოვნური თეატრალიზების საფუძველი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მას ერთი წლის შემდეგ მიენიჭა, 1946 წლის 8 მაისს. მთელი წელიწადი გაიწელა გმირობასა და მის აღიარებას შორის...
ომის შემდეგ მელიტონ ქანთარია სოფელ აგუბადიაში დასახლდა, იქაურ კოლმეურნეობაში მუშაობდა, შემდეგ ტყვარჩელში იყო მუშახელად. ბოლოს ოჩამჩირეში დამკვიდრდა. იქ ცხოვრობდა 1993 წლამდე, ვიდრე საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად არ იქცეოდა. აფხაზეთის მოვლენებს მოსკოვში გაეცალა, იქ დიდხანს ვეღარ იცოცხლა, ორ თვეში, 1993 წლის 26 დეკემბერს, გარდაიცვალა. ჯერ მოსკოვში დაკრძალეს, 1994 წლის 5 იანვარს კი მშობლიურ სოფელ ჯვარში გადაასვენეს, მესამე საჯარო სკოლის ეზოში, გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლს გვერდით დაასაფლავეს. ოჩამჩირეში კი (სოფელ ბედიაში) დარჩა მეუღლის ბარბარე ჯალაღონიას საფლავი და გადამწვარი სახლ-კარი.
დევნილები არიან მისი შვილები – მირიანი, რეზო და ციალა. ისინი თავიანთი ოჯახებით უცხოეთში ცხოვრობენ.
მელიტონ ქანთარიას ღვაწლი იმითაც დაუფასდა, რომ მკვიდრი ადგილი დაუმკვიდრეს საბჭოთა ნომენკლატურაში: იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს მეორე და მეექვსე მოწვევების დეპუტატი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროში ორდენით, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მარქსის ორდენითა და სსრ კავშირისა და სხვა ქვეყნების მედლებით.
2011 წლის 9 მაისს ჯვარის საჯარო სკოლას მელიტონ ქანთარიას სახელი მიენიჭა. ასეთი ცხოვრებით იცხოვრა მელიტონ ქანთარიამ – ერთმა ჩვეულებრივმა კოლხმა კაცმა და ასე აღიბეჭდა მისი სიცოცხლის კვალი ისტორიაში...
მელიტონ ქანთარია თხემით ტერფამდე მეგრელი იყო. მეგრელი კაცის ბუნება ზღვის სტიქიონზეა გაწყობილი. წყლის სტიქიონის რიტმი უდევს საფუძვლად მის ამქვეყნიურ არსებობას. იგი წარმართავს მისი ცხოვრების გეზსაც და ცდასაც. წყლის სტიქიონის რიტმულობაზეა გაწყობილი მეგრის მცდელობა-ქმნადობის მერიდიანები. იგი გარესინამდვილეზე რეაგირების მძლავრი იმპულსიცაა და თავის გამოსაჩენად მუდმივი მზაობის საფუძველიცა და მიზეზიც.
სწორედ თავის გამოსაჩენად ყოველ წამიერ მზაობაში კითხულობს მეგრელი საკუთარი სიცოცხლის აზრს, დანიშნულებას და იცნობიერებს თავის ადგილს დროსა და სივრცეში. აქედანაა მისი წამზე უსწრაფესი რეაგირება მომხდარზე; მეტიც: მოსახდენის რაღაცნაირი წინათგრძნობა, წინასწარგანცდა, გუმანით ხედვა და მოვლენისათვის საკუთარი რეაქციით დასწრება. მთავარი კი ისიც არის, რომ წინსწრების ეს უნარი მის ბუნებაში გაცნობიერებულია და ამდენად თავგანწირვისათვის მზაობასაც მოიცავს უთუოდ.
თავგანწირვა გმირობის წინაპირობაც არის და საფუძველიც. თავად გმირობის აქტი საქციელია და ამ საქციელის შედეგიანობით, ამ შედეგიანობის რეზონანსულობით არის გმირობა. გმირობა თავისი თავჩენით არის წამიერება, თორემ იგი გენეტიკურია და იმთავითურად პულსირებს ადამიანის სულში, გმირობის აქტამდე მზადდება, ცნობიერდება და მაღლდება წვრილმანსა და უტილიტარულზე გმირობის აქტს მხოლოდ მიზეზი და საბაბი აქვს სხვადასხვა. ამის გამო გმირობა სიტუაციონალურობის თვალსაზრისით შეიძლება გამოუვალობად, იძულებითობად გამოიყურებოდეს; მაგრამ თუნდაც ამგვარი გააზრებაც ვერ ცვლის გმირობის არსს. ასეთ დონეზედაც გმირობა უფრო ბედისწერად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე იძულებად და გამოუვალობად.
ასე რომ, გმირობა ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, სულის აპოთეოზია, ადამიანის სულიერების გამოხატულებაა, მისი იმწამიერი გაშინაარსიანებაა.
მ. ქანთარიას, გამარჯვების დროშას რომ მოკიდა ხელი, უკვე გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი საქციელის ფასიც და ისტორიული მნიშვნელობაც. ის წითელი დროშა, რომელიც მან რაიხსტაგის გუმბათზე ატანით აქცია მეორე მსოფლიო ომში გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების დიად მეტაფორად, უკვე მანამდე (ხელისმოკიებისთანავე) იყო მ. ქანთარიასათვის გამარჯვების დროშა.
ბანალურობა უთუოდ დასვამს კითხვას – იცოდა თუ არა მ. ქანთარიამ, – რა მისია დააკისრეს, როდესაც დროშის რაიხსტაგზე ატანა დაავალეს, ანდა გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა იმ წამს დაკისრებული როლის ისტორიული მნიშვნელობაო. ცხადია, იცოდა და ამ ცოდნის შესაბამისად ირჯებოდა, ირჯებოდა დიდი რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
ურწმუნო თომა ამასაც იკითხავს:
– იყო თუ არა გმირობა რაიხსტაგის გუმბათზე დროშის ატანა და დამაგრება. პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა – ცხადია, იყო. კაცობრიობა თავისი ისტორიის გრძელ გზაზე ომებში გამარჯვებებს დროშების აღმართვით გამოხატავდა ყოველთვის. დროშის აღმართვა მტრის ციტადელზე უფრო მორალური, ფსიქოლოგიური ძლევის (მტრის ფსიქოლოგიური დემორალიზების) მისტერიალური აქტი იყო. დროშის აღმართვა ხშირად ვერ წყვეტდა საომარ მოქმედებებს, მაგრამ ომის დასრულებას ყოველთვის ოფიციალურად აფიქსირებდა. უკვე ამის ძალით იყო და არის დროშის აღმართვის აქტი გმირობა – მტრის მორალური ძლევის დიადი მისტერიალურობა...
დედის როლი კაცობრიობის ცივილიზაციაში განუზომელი რომ არის, მტკიცებას არ საჭიროებს. დედაშია განსახიერებული სამყაროს ყველაზე დიდი იდუმალება - სიცოცხლის დაბადება. ადამიანი დედის ორეულად სულიერდება და მემკვიდრეობს მის გენეტიკას. დედის როლი ქართული ქართულ მსოფლგანცდაში ამიტომაც არის ძალიან მაღლა აზიდული და ერთი საინტერესო სიტყვით – „ჯილაგით“ გამოხატული. ქართული ფილოსოფია ყოფითობისა ამიტომაც აკისრებდა პასუხისმგებლობას ადამიანის საქციელზე უპირველესად დედასა და მის საგვარეულოს. უპირველესი წყევლაც დედის მისამართით ითქმოდა, გინებაც და ქებაც („შეწყდი დედას“, „შენი დედა...“, დაილოცა შენი მშობელი/გამზრდელი“...).
თუშეთში შემორჩა დედის მხრის – საგვარეულოს – პასუხისმგებლობის ტრადიციული სამართლის ნორმა – ადამიანის საქციელზე მოპასუხეობის დედის ძმისთვისათვის დაკისრების ადათი, რომელიც ქართული ისტორიის რომელიღაც ეტაპზე (შესაძლოა ეტაპებზედაც) მთელი ქართველი ერისათვის იქნებოდა სავალდებულო. ყოველ შემთხვევაში, ამ ადათის კვალი მეგრულ ფოლკლორში აშკარად იკითხება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ქანთარიას პიროვნულობა შონიების ცნობილი მეგრული საგვარეულოს ჯილაგობრივი ტვიფარით არის აღბეჭდილი და განსაზღვრული.
სამეგრელოში ისტორიულად სოციალურ კლასებსა და ფენებს შორის რთული სისტემა ფუნქციონირებდა. სოციალური იერარქიულ-საფეხურებრივი სისტემა ერთნაირად მოიცავდა პრივილეგირებულ წოდებასაც და გლეხობასაც. სამეგრელოს უზენაეს ხელისუფალს ქვეშევერდომებად ჰყავდა თავადებიც, აზნაურებიცა და გლეხებიც. თავადებს ჰყავდათ საკუთარი ქვეშევრდომი აზნაურები და გლეხები. ამ აზნაურებს კი, თავის მხრივ, ჰყავდა ქვეშევრდომი გლეხები.
გლეხებს, თავის მხრივ, საკუთარი ქვეშევრდომი გლეხები ჰყავდა და სოციალური იერარქიის ამგვარ კიბეზე ყველა ცდილობდა ერთი საფეხურით ზევით აწევას ყმა-გლეხის შოვნით (ყიდვით ან სხვა საშუალებით...). ეს ურთულესი მოვლენა ტერმინოლოგიურად „კაცის კაცობაში“ გამოიხატებოდა სოციალურ პრაქტიკაში. ეს მოვლენა, სხვათა შორის, ძირისძირობამდე შეისწავლა ქართველმა პოეტმა რაფიელ ერისთავმა, რომელიც ზუგდიდი მაზრის უფროსი იყო სამეგრელოსათვის უაღრესად რთულ ისტორიულ პერიოდში, მაშინ, როდესაც რუსეთის ცარიზმმა სამეგრელოში დადიანების მმართველობა გააუქმა, რუსული ხელისუფლება დაამყარა, რომლის მწვავე რეაქციად წარმოსდგა გლეხობის აჯანყება უტუ მიქავასა და მართალი თოდუას ხელმძღვანელობით.
შონიების საგვარეულოს ადგილსა და როლს სამეგრელოს ურთულეს სოციალურ იერარქიაში ცხადყოფს თუნდაც ერთი ფაქტი:
სამეგრელოში (და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, გარკვეულწილად ჩრდილოეთ კავკასიის ცალკეულ რეგიონებშიც!), რომელიც ინტეგრირებული იყო ერთიან კავკასიურ სამეურნეო სივრცეში, მესაქონლეობის დარგში დაწინაურებულები იყო რამდენიმე საგვარეულო, რომელთაც თავისი სასაქონლო სერტიფიკატები ჰქონდათ. ეს სერტიფიკატები საქონელზე საგვარეულო დამღის აღბეჭდვის ფორმით ფიქსირდებოდა. ასეთი დამღის უფლება მესაქონლეობის დარგში შეტანილი წვლილის აღიარებას წარმოადგენდა. კავკასიაში სულ ასეთი 300-მდე დამღა იყო ცნობილი. აქედან 2 დამღის უფლება შონიების საგვარეულოს ჰქონდა მოპოვებული და ეს უკვე თავისთავად არის მრვალისმეტყველი ფაქტი.
შონიების საგვარეულო რაოდენობრივადაც შთამბეჭდავია. ამ გვარმა არა ერთი მოღვაწე და მამულიშვილი აღუზარდა სამშობლოს (სტატისტიკა) მ. ქანთარია დედის ლიდია შონია-ქანთარიას გენსაც ატარებდა, გენეტიკაში შთაბეჭდილ სიამაყეს, გამორჩეულობის განცდას და ამ გამორჩეულობის წარმოჩენისათვის მზაობას...
ადამიანის ნაღვაწს, მით უფრო დიადსა და მასშტაბურს, სახალხო ისტორია, – ზეპირი ისტორია ალეგენდებს, იქმნება ფოლკლორულ გემოვნებაზე შექმნილი ზეპირი ისტორია. მ. ქანთარია იმსახურებდა ასეთ ისტორიას, ხალხური საგმირო შინაარსის სიმღერას, მაგრამ ზეპირსიტყვიერებას მის შემთხვევაში მემატიანეებმა აჯობეს. მ. ქანთარიას ცხოვრებას მეცნიერული გამოკვლევები უძღვნეს ბექა ქანთარიამ („გმირი მედროშე“, თბ., 2003), სერგო წურწუმიამ და ზაურ შეროზიამ („გამარჯვების სიმბოლო“, თბ., 2005), ავტორთა კოლექტივმა აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის რედაქციით („მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო - საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან“, თბ., 1964), კ. ვ. ცქიტიშვილმა, თ. გ. ჩინჩილაკაშვილმა („საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან:, თბ., 1981, რუსულ ენაზე), დაიწერა უამრავი წერილი და სტატია ჟურნალ-გაზეთები, ასევე განთავსდა ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა საიტზე.
ლეგენდას ისტორია შეენაცვლა, თქვა თავისი სათქმელი, რომლის ამაყსა და თავმოსაწონებელ შინაარსს სევდანაღველით აღავსებს მელიტონ ქანთარიას სიცოცხლის დაუმსახურებელი დაისი – ლტოლვილობა და ამქვეყნიდან ლტოლვილად წასვლა, რასაც ვერ გაუძლო მისმა არსებამ, რადგან გადასატანად (გასაძლებად) იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მტრის ცეცხლისა და ტყვიის წვიმაში წითელი დროშის ატანა გერმანიის რაიხსტაგზე...