გვარი შონია- ხობელი-ბიდელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები - გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

15 სექტემბერი გალში შონიების გვარის შეკრების დღე


 15 სექტემბერს სრულდება 35 წელი შონიების საგვარეულოს საქველმოქმედო დემოგრაფიული საზოგადოების დაფუძნებიდან. 

საზოგადოების შექმნის იდეა 1989 წლის დეკემბერში წარმოიშვა. იმ დღეს გალის რესტორანში სოხუმიდან ჩამოსულ სტუმრებს ვმასპინძლობდით პარტიის გალის რაიკომის ინსტრუქტორი ვახტანგ იასონის ძე შონია და რაიგაზეთ “გალის” პასუხისმგებელი მდივანი ჯემალ შონია. სტუმრები იყვნენ მსახიობი დიმა ჯაიანი, მწერალი ანზორ გვარამია და მესამე, რომელსაც ვერ ვიხსენებ. საუბარი შეეხებოდა იმ დროისათვის აქტუალურ ეროვნულ საკითხს და გალში ეროვნული პარტიების უჯრედების შექმნის შესაძლებლობებს. საუბრისას გვერდით მჯდომ ვახტანგს გადავულაპარაკე, ყველანაირი პარტია იქმნება და რა იქნება, ჩვენც შონიების ორგანიზაცია შევქმნათ-მეთქი. ვახტანგს არაფერი უპასუხია და იმ დღეს ასე დავიშალეთ.

მეორე დღეს მირეკავს ვახტანგი სამსახურში და გუშინდელ ჩემს წინადადებას მახსენებს და თან ამ საქმეში გვერდში ამოდგომას მპირდება. სწორედ ცხონებული ვახტანგი იყო ის კატალიზატორი, რომელიც არც მე მასვენებდა და არც თვითონ ზოგავდა თავს.

დავიწყეთ გალელ შონიებთან კონტაქტით, გაზეთში გამოვაქვეყნეთ განცხადება ჩვენი განზრახვის შესახებ. თავდაპირველად ჩემს სამუშაო ოთახში ვიკრიბებოდით, მერე, როცა ხალხი მოგვემატა,საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში, ზამირა შონიას კაბინეტში გადავედით. საინიციატივო ჯგუფის პირველ სხდომას, რომელიც 1990 წლის 28 თებერვალს გაიმართა, სულ 13 გალელი შონია ესწრებოდა; შემდეგ სხდომებში შემოგვიერთდნენ მოგვარეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

დამფუძნებელი კონფერენციის მომზადება თვეობით გაჭიანურდა, რადგან ჩვენი მრავალრიცხოვანი გვარის განსახლება ფართო არეალს მოიცავდა და ყველასთან კონტაქტის ორგანიზება პრობლემებთან იყო დაკავშირებული. გამოვაქვეყნეთ განცხადებები რესპუბლიკურ გაზეთებში, სხდომები გავაგრძელეთ უფრო მოსახერხებელ კაბინეტში დამზადების გაერთიანების უფროსთან ტარიელ შონიასთან, ერთი გამსვლელი სხდომა ჩავატარეთ ს. ჭალეში. ბოლო დროისათვის სხდომებში მონაწილეობდნენ შონიები გალიდან, ჭალიდან, ფახულანიდან, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან, ოჩამჩირიდან, კვიტოულიდან, სოხუმიდან, ხობიდან, თბილისიდან, გულრიფშიდან, სენაკიდან, ჩხოროწყუდან, მარტვილიდან, ტყვარჩელიდან, მოსკოვიდან… სულ 200-ზე მეტი შონია. რაიონებში აქტიურ მოსამზადებელ მუშაობას ატარებდნენ ჩვენი წარმომადგენლები. მაგალითად, ასეთები  იყვნენ მაგომეტალ შონია ზუგდიდში, ნოდარ შონია ხობში, გენო შონია ფახულანში, ბოდღო შონია ჭალეში, იური და შახი შონიები სოხუმსა და სოხუმის რაიონში, ზვიად შონია გულრიფშში…

როდესაც კონფერენციის ორგანიზაციული საკითხები მოვილიეთ, დადგა მისი ჩატარების ადგილის პრობლემა, რადგან მის მონაწილეებს ვერანაირი დარბაზი ვერ დაიტევდა. ამისთვის მივადექით გალის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს რაბო შონიას. გადაწყდა, კონფერენცია ჩაგვეტარებინა გალის სტადიონზე.

კიდევ ერთ პრობლემას გაგიმხელთ: ბოლო მომენტამდე მოლაპარაკებული ვიყავით, რომ საგვარეულო კავშირს სათავეში უნდა ჩასდგომოდა ვახტანგ შონია, ის ნამდვილად იმსახურებდა ამას თავისი ორგანიზაციული ნიჭითა და ენთუზიაზმით, მაგრამ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე თავის სახლში, პირველ გალში, ვახტანგი და მე დაგვიბარა რაბო შონიამ და გვთხოვა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელად წარგვედგინა ტარიელ შონია. ჩვენც დავეთანხმეთ.

15 სექტემბერს გალის სტადიონზე თავი მოიყარა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. კონფერენცია გახსნა უხუცესმა, გალის მე-2 საშუალო სკოლის პედაგოგმა დავით შონიამ, შემდეგ კონფერენციის წამყვანმა ვახტანგ შონიამ მოხსენებისთვის სიტყვა მე მომცა. სიტყვით გამოვიდნენ კვიტოულის საშუალო სკოლის დირექტორი შალვა შონია, ხობის კოლხეთის ათვისების მუზეუმის დირექტორი ნოდარ შონია, ჭალელი პედაგოგი ბოდღო შონია, გაერთიანება “ბორჯომის” გენერალური დირექტორი ანზორ შონია, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი მიხეილ შონია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფოლოგი გელა შონია, ბოლნისის რ-ნის ს. რატევანში მცხოვრები ნიკოლოზ შონიას მეუღლე იზოლდა შონია, საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომელი ნათელა შონია.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მწერალი გულად ფეტელავა, საზოგადოება “ლემის” სახელით - ვაჟა ხვისტანი. ჩემი ლექსი საქართველოზე წაიკითხა ხათუნა შონიამ.

კონფერენციამ დაამტკიცა საზოგადოების წესდება და პროგრამა, დროშა და ემბლემა, რომლის ავტორი ემილ ბურჯანაძე კონფერენციას ესწრებოდა. მას კონფერენციის მონაწილეთა სახელით მიესალმა იურისტი ჰამლეტ შონია. 

კონფერენციამ შონიების საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩია ტარიელ შონია. გამგეობაში შევიდნენ: ჯემალ, ვახტანგ იასონის ძე, ვახტანგ მამიას ძე, რაბო შონიები გალიდან, ვაჟა და არველოდ შონიები ოჩამჩირიდან, დუშელ შონია სოხუმიდან, ალექსანდრე შონია გულრიფშიდან, ნოდარ და გენადი შონიები ხობიდან, ველოდი და აპოლონ შონიები წალენჯიხიდან, ჰამლეტ და გელა შონიები თბილისიდან, ალექსი შონია ტყვარჩელიდან, ბადრი შონია სენაკიდან, ოთარ შონია ფოთიდან, ნოდარ და მაგომეტალ შონიები ზუგდიდიდან, ნიკოლოზ შონია ბოლნისიდან, ბოდღო შონია ჭალიდან,გენო შონია ფახულანიდან.

საღამოს ზემო ბარღებში, დულო შონიას ოჯახში, გაიმართა ხალხმრავალი წვეულება ანზორ შონიას თამადობით.


მოხსენებიდან ნაწყვეტებს შემდგომში შემოგთავაზებთ.

ჯემალ შონია